გრიგოლ ვაშაძე - მთელი ოპოზიციური სპექტრი „რუსთავი 2“-ის დასაცავად პროტესტის ყველა, მათ შორის უკიდურეს ფორმებსაც მიმართავს
გრიგოლ ვაშაძე - მთელი ოპოზიციური სპექტრი „რუსთავი 2“-ის დასაცავად პროტესტის ყველა, მათ შორის უკიდურეს ფორმებსაც მიმართავს

გეშინოდეთ გათიშული, ჩახშობილი „რუსთავი 2“-ის, მის დასაცავად პროტესტის ყველა, მათ შორის უკიდურეს ფორმებსაც მივმართავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია და საზოგადოება „რუსთავი 2“-ს დაიცავს.

„კონსტიტუციით არგათვალისწინებულმა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმმა შვიდწლიანი მმართველობის თავზე დააჯილდოვა საქართველო სამი უმწვავესი კრიზისით – პოლიტიკური, სადაც ერთ მხარეს ე.წ. ხელისუფლებაა, ხოლო მეორე მხარეს – საზოგადოება; სოციალური, რაც მასობრივ ემიგრაციას გამოიწვევს, დაგვიტოვა დაცარიელებული სოფლები და ქალაქები; ეკონომიკური, როდესაც ქვეყნისთვის საჭირო ყველა პროგრესული კარგად გათვლილი და მოფიქრებული პროექტი გაჩერებულია, ეკონომიკის ზრდის ტემპები კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კატასტროფის დროს ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი – დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და ეცადოს ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც „რუსთავი 2“ თუ ყველაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს, ფეიკი სარჩელით „რუსთავი 2“ ჩაიგდოს ხელში და ფეიკი ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს.

მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, საზოგადოება „რუსთავი 2“-ს დაიცავს. გეშინოდეთ გათიშული, ჩახშობილი „რუსთავი 2“-ის, ვიდრე „რუსთავი 2“-ის, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს, რადგან მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მთელი ოპოზიციური სპექტრი „რუსთავი 2“-ის დასაცავად უკიდურეს პროტესტის ფორმასაც კი მიმართავს.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტრმა ბრიგინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

ნიკა გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული გოგი გეგეშიძის მეუღლე. გვარამია აცხადებს, რომ გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში არხზე შესავალი მეტი იყო, ვიდრე არხიდან გასავალი.

„საგადასახადო შეთანხმებით გადასახადი 2010 წელს განულდა. განულდა 2012 წელსაც. აი, ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც კომპანია დახვდა სავალალო მდგომარეობაში, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმობარდა. არც არსებობდა პრაქტიკულად ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს, არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წელს გაჩნდა ამ კომპანიაში რეალურად ბუღალტერია. 2012 წლის მეორე ნახევრიდან, 2013 წელს, მოდი, ასე ვთქვათ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.