გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება ცდილობს, არაცივილური ქმედებისკენ გვიბიძგოს, მაგრამ ბატონებო, ვერ მოგართვით
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება ცდილობს, არაცივილური ქმედებისკენ გვიბიძგოს, მაგრამ ბატონებო, ვერ მოგართვით

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისში უნიჭო სპექტაკლი დადგა. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქუთაისში არის მასობრივი ემიგრაცია და უიმედობა.

„ეს არის ქალაქი, სადაც ინგრევა შენობები, სადაც გზები არ არის, გადათხრილ ქუჩებს წლობით ვერ აკეთებენ. ეს ის ქალაქია, რომელიც დაცლილია. აქ არის უმუშევრობა, უიმედობა, სადაც ელემენტარული პირობები არ იქმნება ამათი უნიჭო მმართველობის გამო. მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ. ყველანაირად ცდილობს ხელისუფლება, არაცივილური ქმედებისკენ გვიბიძგოს, მაგრამ ბატონებო, ვერ მოგართვით. არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან კონსტიტუციის ფარგლებში გათვლილ საპროტესტო მოძრაობას და გავაგრძელებთ ცივილურად მომზადებას არჩევნებისთვის. ამ სიმახინჯისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, სწორედ ქუთაისი იქნება ის ქალაქი, რომელიც მასობრივად გეტყვით უარს არჩევნებზე, უარს ეტყვის თქვენს უნიჭო იდიოტიზმს და იმას, რომ ჩვენს შვილებს შვიდი წელიწადი წაართვით“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს შეძახილებით – „მიშას მონებო“.