გრიგოლ ვაშაძე - „ევროპულმა საქართველომ“ თავისი აზრი თქვა, არაფერს ვიზიარებ, ვიდრე შეთანხმება არ არის მიღწეული
გრიგოლ ვაშაძე - „ევროპულმა საქართველომ“ თავისი აზრი თქვა, არაფერს ვიზიარებ, ვიდრე შეთანხმება არ არის მიღწეული

ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არავითარი ციფრები არ განგვიხილავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა „ევროპული საქართველოს“ წინადადების შესახებ ჰკითხეს.

ვაშაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს, რა შეთავაზება შეიძლება, ჰქონდეს დიალოგის ფასილიტატორებს.

„გვქონდა განხილვა, რა შეიძლება ფასილიტატორებმა შემოგვთავაზონ, რა პრინციპი. არავითარი ციფრები არ განგვიხილავს და ვერც მივედით აქამდე. არ ვიცი, გიგა ბოკერიამ რა განიხილა, გიყვებით, მე რა განვიხილე. ფასილიტატორებთან მივალთ, თუ მათ აქვთ კომპრომისული შემოთავაზება მოვისმინეთ, შემდეგ გამოვალთ იქიდან, შევთანხმდებით ჩვენთან პარტიაში, ამ ოფისში და მოგახსენებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ციფრები არ განგვიხილავს“, – განაცხადა ვაშაძემ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეობდა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ ნებისმიერი კომპრომისის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს 2024 წელს არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარება.

„რაც შეეხება ყველა კომპრომისს, ყველა კომპრომისის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად 2024-ში მთლიანად პროპორციული არჩევნების ჩატარება, ეს საერთოდ განხილვას არ ექვემდებარება, ასევე შემდეგი ძირეული ცვლილებები ცესკო-სა და საარჩევნო კანონმდებლობაში. რაც შეეხება 2020 წელს, თუ ფასილიტატორებისგან იქნება კომპრომისული წინადადება, კომპრომისული იდეები, თუ გვეტყვიან, ჩავებათ ამ დისკუსიაში, რომ 2024-ში აუცილებლად ჩატარდება პროპორციული სისტემით, მზად ვართ, ამის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი შეფასებით, დანარჩენი ყველაფერი პირადი მოსაზრებებია.

„ჩემმა პროფესიამ მასწავლა, არაფერს ვიზიარებ, სანამ შეთანხმება არ არის მიღწეული. „ევროპულმა საქართველომ“ თავისი აზრი მოგახსენათ, მე –  ჩემი. არანაირ ციფრებზე არ გვილაპარაკია, 40 პროცენტზე მეტი არის პრინციპი, რომელიც გიგა ბოკერიამ დააყენა“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე რამდენად მისაღებია აღნიშნული პრინციპი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ ამაზე მსჯელობა უნდა შედგეს.

„არ ვიცი, უნდა დავსხდეთ, ამაზე დავილაპარაკოთ. ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაში“, შემდეგ აქ. რა სისტემაც არ უნდა იყოს, თუ დარჩება არსებული ცესკო და ის კანონმდებლობა, გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ ყველა სისტემის ფარგლებში ემზადება გაყალბებისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.