გიგა ბოკერია - ხელისუფლებას კიდევ ერთი კომპრომისული წინადადება უნდა შევთავაზოთ, ეს არის პირობითად 130/20
გიგა ბოკერია - ხელისუფლებას კიდევ ერთი კომპრომისული წინადადება უნდა შევთავაზოთ, ეს არის პირობითად 130/20

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი წინადადება უნდა შეეთავაზოს, პირობითად  130/20.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ორი საკვანძო საკითხია, რაზეც დისკუსია მიმდინარეობდა.

„შეხვედრა გრძელდება, მაგრამ ამ საკითხებზე არის მეტ-ნაკლები კონსენსუსი. ერთი მდგომარეობს იმაში, რომ გადავედით კონსულტაციის აქტიურ ფაზაში თბილისში მაჟორიტარ კანდიდატთა შესახებ კოორდინაციასთან დაკავშირებით. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ გვაქვს ცუდი სცენარი და გვაქვს დღევანდელი სისტემა. ოპოზიციას, არა მხოლოდ „ევროპულ საქართველოს“, თავიდანვე ჰქონდა მიდგომა, რომ ჩვენი ამოცანა იყო კომპრომისის პოვნა, ოღონდ არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. ჩვენ დავსვით საკითხი, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად, უნდა შევთავაზოთ კიდევ ერთი კომპრომისული წინადადება ხელისუფლებას – ავიღოთ მყარი პრინციპი, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ჰქონდეს 40 პროცენტზე მეტი არსებითი მხარდაჭერა. ასეთ შემთხვევაში, თუ ის მოიგებს ყველა დარჩენილ მაჟორიტარულ ოლქს, ჰქონდეს უმრავლესობის შექმნის შანსი. ანუ ჰქონდეს არა 10 კაცით უპირატესობა, არამედ არსებითი უპირატესობა სხვებზე, ანუ ჰქონდეს 40 პროცენტზე მეტი“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი თქმით, ეს არის გასაგები პრინციპი და არსებითი ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ.

„ეს პრინციპი გასაგებია, არის არსებითი ნაბიჯი პროპორციულისკენ, არ არის იდეალური და არის კომპრომისი, ოღონდ არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. ეს ბალანსი არის პირობითად 130/20-ზე. ციფრამდე ჩვენ მივდივართ პრინციპიდან გამომდინარე და არა, ვირჩევთ ციფრებს. თუ პირველ ადგილზე გასული პარტია იღებს 40 პროცენტზე მეტს და იგებს მაჟორიტარების უდიდეს ნაწილს, მას ჰქონდეს შანსი, რომ უმრავლესობა შექმნას. ეს არის პასუხი იმ ნახევრად, ხელოვნურად შექმნილ არგუმენტზე, რომ კრიზისების გვეშინიაო. პირობითად რომ ვთქვათ, თუ აიღო 45 პროცენტი, შეუძლია, ხუთი მაჟორიტარი წააგოს და მაინც ჰქონდეს უმრავლესობა, მაგრამ არსებითი უპირატესობა უნდა ჰქონდეს. ამას წინ უძღვის პრინციპი, ციფრები არის შედეგი პრინციპის. ეს გამორიცხავს კრიზისებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრაზე „ევროპულმა საქართველომ“ ეს საკითხი დასვა და პარტიები იმსჯელებენ.

ამასთან, გიგა ბოკერიას შეფასებით, წინასწარი გამოხმაურება არის პოზიტიური.

„პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად დავაყენეთ ეს საკითხი. იმედი მაქვს, ამაზე იქნება სრული კონსენსუსი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.