გრიგოლ ვაშაძე - ენდიაის კვლევის შედეგებმა მთელ პოლიტიკურ სპექტრს სერიოზული საფიქრალი მისცა  
გრიგოლ ვაშაძე - ენდიაის კვლევის შედეგებმა მთელ პოლიტიკურ სპექტრს სერიოზული საფიქრალი მისცა  

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატრიული ინსტიტუტის (ენდიაი) კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მთელ პოლიტიკურ სპექტრს სერიოზული საფიქრალი და განსჯის საგანი მიეცა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

ვაშაძე აცხადებს, რომ ენდიაის კვლევის შედეგებს სრულ ნდობას უცხადებს.

„ამ ორგანიზაციის ავტორიტეტიდან გამომდინარე, კვლევის შედეგებს სრულად ვენდობი. გამომდინარე იქიდან კი, რა შედეგებიც აჩვენა ენდიაის კვლევამ, სერიოზული საფიქრალი და სერიოზული განსჯის საგანი მიეცა მთელ პოლიტიკურ სპექტრს. სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, რომ კითხვარში არ იყო გაერთიანებული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ცალკე იყო შეყვანილი. ყველა, ვინც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული გეტყვით, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ არა მარტო არნახულ შედეგს მიაღწია ამ არჩევნებში, არამედ სტრუქტურულად გაერთიანება დაიწყო. ვქმნით სრულიად დემოკრატიულ ორგანოებს, რომელიც დემოკრატიულადვე, პროცედურულად წაიყვანს გაერთიანებული ოპოზიციის მომავალ საქმიანობას. არავინ იდავებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქემ იმედგაცრუება გამოხატა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მიმართ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ამისთვის მოქალაქეებთან მეტი კონტაქტია საჭირო.

„ამის წამალი არის ერთადერთი – რაც შეიძლება მეტი ვეკონტაქტოთ საქართველოს მოქალაქეებს, მეტი ვიაროთ ხალხში და მეტი დამაჯერებლობით ავუხსნათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ იბრძვის კარიერისთვის, იბრძვის მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (ენდიაი) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს. კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, პირველი არჩევანის შემთხვევაში პასუხები შემდეგია: „ქართული ოცნება“ – 29 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, აღნიშნული პასუხები ეკუთვნით რესპონდენტებს, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ყველა რესპონდენტის შემთხვევაში კი, პირველი არჩევანისას  „ქართულ ოცნებას“  24 პროცენტი მისცემდა ხმას,  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 11 პროცენტი, „პატრიორტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი.