გრიგოლ ვაშაძე - ჩვენ დავიმსახურეთ ხელისუფლებაში დაბრუნება იმით, რაც გავაკეთეთ 9 წელიწადში და იმით, რომ გავაანალიზეთ შეცდომები
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენ დავიმსახურეთ ხელისუფლებაში დაბრუნება იმით, რაც გავაკეთეთ 9 წელიწადში და იმით, რომ გავაანალიზეთ შეცდომები

ისე შემიყვარდა აჭარა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარა, მესიზმრებოდა ხოლმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ხულოში განაცხადა.

ხულოში დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატად ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა.

„ძალიან მომენატრეთ. ისე შემიყვარდა აჭარა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარა, მესიზმრებოდა ხოლმე ხანდახან ღამით და ვფიქრობდი, კიდე საპრეზიდენტო კამპანიაში ვარ, არ გათავდა? არ გათავდება, სანამ გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში ყველა იმ პატიოსანი ადამიანით, რომელიც ამ გაერთიანებაში და ამ პარტიაში იმყოფება, რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ იმით, რაც იმ 9 წელს გავაკეთეთ და დავიმსახურეთ იმით, რომ ჩვენი შეცდომები შევისწავლეთ, ვაღიარეთ, ბოდიში მოვიხადეთ, გავაანალიზეთ და ვიცით, რომ დავბრუნდებით ხელისუფლებაში, შენებას ხელს უკვე არაფერი აღარ შეუშლის“, – განაცხადა ვაშაძემ წარდგენის ღონისძიებაზე.

ვაშაძის თქმით, ადამიანს მუშაობისას ბევრი შეცდომა მოსდის და ისე არ ხდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას ყველაფერი წინასწარ იცოდე.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი მეგობრები არიან მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე.

„მე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სიამაყით ვამბობ, რომ ჩემი მეგობრები არიან მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე, რატომ ვამბობ სიამაყით? რადგან მათ ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად, დაამსხვრიეს მითები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ის რელიგიური სექტაა, რომელსაც მოკავშირე არასოდეს ეყოლება. აი, ჩვენი მოკავშირეები, ის ხალხი, ვინც თავისი ნებით დატოვა „ ქართული ოცნება“. ხო დავამსხვრიეთ ის მითი, რომ ჩვენი ჭერი არის 400 000 ხმა და მეტს ვერ ავალთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, დაიმსხვრა მითი, რომ საქართველოში ფულია მთავარი.

„გული, ერთგულება, მეგობრობა, ღირებულებები, იდეოლოგია და შემართება – აი რა არის მთავარი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხულოში მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე.