შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ" ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა
შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ" ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა

19 მაისის შუალედურ არჩევნებზე ხულოში მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება.

მხარდამჭერებს კანდიდატი პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხულოს თეატრის შენობაში წარუდგინა.

ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს ორი მოწვევის საკრებულოს წევრია.

„ხულოში გვყავს შესანიშნავი კანდიდატი – ირაკლი ჯორბენაძე, რომელიც ყოველთვის იგებდა დაბას, მოიგებს ხულოსაც, მოიგებს იმისათვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დააბრუნოს პატიოსნება, განვითარება და მოქალაქისადმი ყურადღება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ხულოს მერის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ხულოს მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებს.

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან” ხულოს მერობის კანდიდატი მერის მოვალეობის შემსრულებელი სწორედ ვახტანგ ბერიძეა.