გრიგოლ ვაშაძე - აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე
გრიგოლ ვაშაძე - აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე

გიგის ციხეში წასვლა კიდევ ერთი სტიმული იქნება, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დასხდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ უგულავასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ვაშაძის განმარტებით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის პრინციპებზე მსჯელობდა, უგულავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით, ოლიგარქიულმა რეჟიმმა თქვა, რომ მათ კომპრომისი, ოპოზიცია, მოქალაქეები საერთოდ არ აინტერესებთ.

„დღეს, მაშინ, როდესაც ოპოზიცია აქ შეკრებილი იყო და იმაზე მსჯელობდა, რა პრინციპი დაედოს საფუძვლად კომპრომისს, რომელიც შეიძლება, ფასილიტატორებმა შემოგვთავაზონ, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, უკაცრავად, ამ ტერმინის ხმარება მიწევს, ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც, ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული თუ არაპროპორციული არჩევნები, ჩემი ხელია მთავარი, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ.

პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ დიალოგის მიმართ, ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა. ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უდნა ჩასვათ ციხეში“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი