გრიგოლ ვაშაძე - ივერი მელაშვილი გამოვა საპყრობილედან და ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩასხდებიან იმ საკანში, სადაც ივერი მელაშვილია
გრიგოლ ვაშაძე - ივერი მელაშვილი გამოვა საპყრობილედან და ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩასხდებიან იმ საკანში, სადაც ივერი მელაშვილია

პატრიოტი, ენციკლოპედიურ ცოდნის, უგანათლებულესი, უზარმაზარი ინსტიტუციური მეხსიერების მქონე ივერი მელაშვილი ამ ნაძირლებმა საპყრობილეში ყოფნისთვის გაწირეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, ამ საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის დაკავება წინასაარჩევნო პროვოკაციაა. ვაშაძის თქმით, ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩასხდებიან იმ საკანში, სადაც ახლა ივერი მელაშვილია.

„რაც შეეხება ამ ისტორიას, რომელსაც დავით გარეჯის ისტორია დაერქვა, ეს დავით გარეჯის ისტორია კი არა, წინასაარჩევნო პროვოკაციის ისტორიაა, ისევე როგორც საბურავების დაწვა, ისევე როგორც ის საცოდავი ექსპერტი ჟვანიას საქმეზე, რომელიც ვითომდა საფერფლით მოკლეს, ციხეში ჰყავდათ, აღარ მახსოვს, რამდენი ხანი.

ზუსტად ამიტომ პატრიოტი, ენციკლოპედიურ ცოდნის, უგანათლებულესი, უზარმაზარი ინსტიტუციური მეხსიერების პატრონი ივერი მელაშვილი ამ ნაძირლებმა საპყრობილეში ყოფნისთვის გაწირეს. ივერი მელაშვილი გამოვა საპყრობილედან, აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩასხდებიან იმ საკანში, სადაც ივერი მელაშვილია. არ მოვეშვები ამ საქმეს, ყველამ რომ თავი დაანებოს, მე არ მოვეშვები იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომელმა იცის, რა ადამიანი, პატრიოტი და სპეციალისტია ივერი მელაშვილი. ჩვენი პარტნიორები სასაზღვრო კომისიებიდან მეხვეწებოდნენ ივერი მელაშვილის კომისიიდან გაყვანას, ვციტირებ „მისი უკიდურესად ხისტი პოზიციების გამო“. კბილებით იცავდა ადამიანი საქართველოს საზღვრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.