გრიგოლ მანდარია - გუდაურში წყალმომარაგება სრულად უახლოეს საათებში აღდგება, ვგეგმავთ ალტერნატიული ქსელის აშენებასაც
გრიგოლ მანდარია - გუდაურში წყალმომარაგება სრულად უახლოეს საათებში აღდგება, ვგეგმავთ ალტერნატიული ქსელის აშენებასაც

გუდაურის მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უახლოეს საათებში აღუდგება, – ამის შესახებ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ მანდარიამ განაცხადა.

მანდარია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გუდაურში იმყოფება.

ამასთან, მისი თქმით, ბაკურიანისთვის წყლის მიწოდების აღდგენა სრულად უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი.

„რამდენიმე დღეა, სადღესასწაულოდ პრობლემები იყო წყალმომარაგებასთან დაკავშირებით გუდაურსა და ბაკურიანში. რამდენიმე დღე ვცდილობდით წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრას. მიღწეულია გარკვეული შედეგი და ვფიქრობთ, უახლოეს ერთ-ორ დღეში სრულად მოხდება წყალმომარაგების აღდგენა ბაკურიანში.

რაც შეეხება გუდაურს, გუდაურშიც წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, მიღწეულია უკვე ის შედეგი, რომ გაზრდილია წყლის მიწოდების დებეტი და ვფიქრობთ, უახლოეს საათებში მთლიანი გუდაურის მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად აღუდგება“, – განაცხადა მანდარიამ.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი პრობლემების პრევენციის მიზნით იგეგმება ალტერნატიული ქსელის მშენებლობაც.

„გარდა ამისა, მომავალ დღეებში დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მშენებლობა, მოკლე მონაკვეთით, რათა მსგავსი ტიპის შეფერხებები და პრობლემები თავიდან იყოს აცილებული გუდაურში. ასევე მომავალ კვირებში გვექნება აქტიური მუშაობა და შეხვედრები „რედკოს“ ხელმძღვანელობასთან და დამფუძნებლებთან. როგორც ყველასთვის ცნობილია, მომავალ წელს „რედკო“ ფიქრობს გუდაურში საკმაოდ დიდ მშენებლობას, განაშენიანების გაზრდას. შესაბამისად, ჩვენი წყალმომარაგების კომპანიაც მზად უნდა იყოს ამ გამოწვევისთვის და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ „რედკოს“ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით, შევქმნათ სათანადო დებეტი, რათა დამსვენებლებს აღარ შეექმნათ წყალმომარაგების პრობლემები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგოლ მანდარიამ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვაბელის თანამდებობაზე ეკატერინე გალდავა გრიგოლ მანდარიამ შეცვალა.

დატოვე კომენტარი