გრიგოლ ლილუაშვილი - ქვეყნის უსაფრთხოების მოდელზე უნდა ისაუბროს არა მარტო არასამთავრობო სექტორმა, არამედ მთავრობამ და პარლამენტმა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სუს-ისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა სცდება მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის სფეროს. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მოწყობის მოდელი,რომელზეც უნდა ისაუბროს არა მარტო არასამთავრობო სექტორმა, არამედ მთავრობამ და პარლამენტმა.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში მოხდა შსს-ს და უშიშროების სამსახურის გაყოფა და შესაბამისად, ერთ ადგილას კონცენტრირებული ძალა გადავიდა სხვადასხვა ადგილზე. თუ იმაზე ვმსჯელობთ, როგორ გავანეიტრალოთ ე. წ მოჭარბებული ძალა სუს-ის ხელში, ეს რა თქმა უნდა, სცდება მხოლოდ სუს-ზე მსჯელობის სფეროს. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მოწყობის მოდელი, რომელზეც უნდა ისაუბროს არა მარტო არასამთავრობო სექტორმა, არამედ მთავრობამ და პარლამენტმა. ეს არის გლობალური მოწყობა, მოდელი ქვეყნისა, როგორ უნდა იმუშაოს უსაფრთხოების სისტემამ და არა მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა სამსახურმა”,-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. მისივე თქმით, აუცილებელია უსაფრთხოების მოდელის ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრა.
„ფარული მიყურადებისა და მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მაშინ, როდესაც ცალკე გამოეყო ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა. ზუსტად მის შესაბამისობაშია მოყვანილი ეს სისტემა. რეკომენდაციებში საუბარია საგამოძიებო ფუნქციებზე, წინასწარი დაკავების იზოლატორის ქონაზე, ანტიკორუფციული მიმართულებით გამოძიებაზე. ეს შეიძლება ყველაფერი გადათამაშდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამისთვის საჭიროა მთლიანად მოდელის განსაზღვრა ქვეყნის მასშტაბით. თუ ჩვენ კონკრეტულ სამსახურს ჩამოვართმევთ ძალაუფლებას, ის ვერსად დაიკარგება. უნდა გადანაწილდეს სხვადასხვა ინსტანციებში“,-განაცხადა ლილუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებისა და რეკომენდაციების კომენტირებისას.
კვლევა, რომელიც უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას გულისხმობს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ჩაატარეს. მესამე სექტორის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში მითითებულია, რომ უსაფრთხოების სამსახური ჭარბ უფლებამოსილებას ფლობს და არ არსებობს მასზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება.