სოფო ვერძეული - შესაქმნელია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სუს-ის საქმიანობის კონტროლს განახორციელებს
სოფო ვერძეული - შესაქმნელია ექსპერტთა  ჯგუფი, რომელიც  სუს-ის საქმიანობის კონტროლს განახორციელებს

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული აცხადებს, რომ სუს-ის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გადასახედი.

მისივე თქმით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდის მიზნით ორგანიზაციას აქვს გარკვეული რეკომენდაციები.

„კვლევაში ჩვენ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ 2015 წელს უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა შსს-სგან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იყო, თუმცა ამდენი წლის განმავლობაში ვერ ვნახეთ თანმდევი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და დამოუკიდებლობის, ასევე საპარლამენტო ანგარიშვალდებულების  გაზრდას.

სუს-ის ხელში დღეს თავმოყრილია ჭარბი კომპეტენცია. ის ფლობს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა დანაშაულის და კორუფციული ფაქტების გამოძიება, რაც არის სრულიად შეუთავსებელი უსაფრთხოების სამსახურის ბუნებასთან, მის ანალიტიკურ საქმიანობასთან, რომელსაც ის რეალურად უნდა ეწეოდეს. პრაქტიკულად არ არსებობს ეფექტური საპარლამენტო კონტროლის ან სხვა ფორმით კონტროლის მექანიზმი. ამდენად, ერთ-ერთი ყველაზე დახურული და ფართო უფლებამოსილებების მქონე უწყება ფაქტობრივად დარჩენილია სათანადო სასამართლო თუ საპარლამენტო კონტროლის გარეშე, რაც სერიოზული პრობლემაა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს,  პირველ რიგში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდის მიზნით, საჭიროა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების პროცედურის რეფორმა, რათა ეს არის იყოს ერთპიროვნულდ მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების საგანი. ასევე ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად არის გადასახედი სუს-ის ფუნქციები. მას არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქცია ისევე როგორც არ უნდა ფლობდეს დროებითი მოთავსების იზოლატორს, არ უნდა ჰქონდეს პირების დაკავების უფლებამოსილება. საპარლამენტო კონტროლის ნაწილში შესაქმნელია ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში განახორციელებს სუს-ის საქმიანობის კონტროლს და რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური მონაწილეობისგან. სასამართლო კონტროლის ნაწილში ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული პრობლემა რომლის მიხედვითაც, სუს-ს შეუძლია კონტრდაზვერვის ფარგლებში, სასამართლო ნებართვის გარეშე ფარულად მოისმინოს და გადაიღოს ფოტო- აუდიო მასალა,  არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო“, -განაცხადა სოფო ვერძეულმა.