გრიგოლ გოგელია - შემექმნა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის რამდენიმე ნორმაზე კითხვები დარჩა, რამდენიმე კი სწორი ჰგონია
გრიგოლ გოგელია - შემექმნა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის რამდენიმე ნორმაზე კითხვები დარჩა, რამდენიმე კი სწორი ჰგონია

პრეზიდენტს არ უთქვამს, მისაღებია თუ არა მისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი და ჩვენი არგუმენტები, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გოგელიას თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრებმა პრეზიდენტს კანონპროექტის შესახებ საკუთარი არგუმენტები გააცნეს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე დასვა კითხვები და საბჭოს წევრებს საკუთარი მოსაზრებებიც გააცნო.

„განვიხილეთ საკითხები, პრეზიდენტმა ჩვენგან მოისმინა არგუმენტები. პრეზიდენტისგანაც მოვისმინეთ არგუმენტები, კითხვები და სიტუაციის მისეული აღქმა. პრეზიდენტს არ უთქვამს, მისაღებია თუ არა მისთვის ეს ყველაფერი. სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან იღებს ინფორმაციას. კითხვები დასვა და ჩვენი პოზიცია გავაცანით. ყველა იმ ნორმასთან დაკავშირებით იყო კითხვები რაც შედის კანონში. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს რაღაც ნორმებზე დარჩა კითხვები, რაღაც ნორმებთან მიმართებით კი ჰგონია, რომ სწორია ეს ნორმები. დანარჩენს თავად იტყვის პრეზიდენტი“, – აღნიშნა გოგელიამ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის თემაზე სასაუბროდ შეხვდა.

შეხვედრას სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრიდან ექვსი ესწრებოდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ამავე თემაზე პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.