გრიგოლ გოგელია - პასუხს გავცემთ ყველა საკითხს, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტს აინტერესებს
გრიგოლ გოგელია - პასუხს გავცემთ ყველა საკითხს, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტს აინტერესებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდება. შეხვედრაზე განსახილველი თემა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მისივე თქმით, საბჭოს წევრები პასუხს გასცემენ ყველა საკითხს, რომელიც პრეზიდენტს აინტერესებს.

გოგელიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე უკვე იმსჯელა და ორი წევრის გამოკლებით, მხარი დაუჭირა.

„სამეურვეო საბჭომ ხმა მისცა ამ ცვლილებებს, განხილული იყო ეს საკითხი და შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია. ჯერ კიდევ ზაფხულში, მე თვითონ მაქვს წარმოდგენილი პარლამენტში ჩვენი სურვილები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებებზე საუბარი წელს არ დაწყებულა და შარშან ეს მუდმივი პროცესი იყო, ამ ცვლილებებზე საუბარი და ლობირება იმისი რომ ესეთი ცვლილებები ყოფილიყო შეტანილი სხვადასხვა ფორმით. ჩვენ კენჭი ვუყარეთ. კი ბატონო, იყვნენ სამეურვეო საბჭოს წევრები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ ცვლილებას. ასეთი სულ ორი წევრი იყო, დანარჩენმა ყველამ მხარი დაუჭირა“, – აღნიშნა გოგელიამ.

შეხვედრას სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრიდან ექვსი ესწრება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ამავე თემაზე პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.