გრიგოლ გეგელია - გუშინ რაც ვნახეთ, ვერ კვალიფიცირდება როგორც კვება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატიმრის კვება არ ხდება სამედიცინო კაბინეტებში, რაც ძალიან კარგად ნაცნობი ფაქტია
გრიგოლ გეგელია - გუშინ რაც ვნახეთ, ვერ კვალიფიცირდება როგორც კვება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატიმრის კვება არ ხდება სამედიცინო კაბინეტებში, რაც ძალიან კარგად ნაცნობი ფაქტია

გუშინ რაც ვნახეთ, ეს ვერ კვალიფიცირდება როგორც კვება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატიმრის კვება არ ხდება სამედიცინო კაბინეტებში, რაც ძალიან კარგად ნაცნობი ფაქტია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„ძალიან სამარცხვინო და უკადრისი ტაქტიკაა, რაც ვნახეთ, როდესაც პარტიულ-პოლიტიკური კომპონენტი შემოდის ადამიანის პატიმრობაში, როდესაც პოლიტიკური კომპონენტი არის ასე მნიშვნელოვნად წარმოდგენილი და ასე ცუდად გამოყენებული „ქართული ოცნების“ მიერ. ეს არის სრულიად უღირსი საქციელი. რაც გუშინ ვნახეთ, ეს ვერ კვალიფიცირდება როგორც პატიმრის კვება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატიმრის კვება არ ხდება სამედიცინო კაბინეტებში, რაც ძალიან კარგად ნაცნობი ფაქტია. ჩვენ ვნახეთ კადრები, ექიმების თანდასწრებით როგორ იღებს სააკაშვილი გარკვეულ დანამატებს, რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც ექიმები ამბობენ, არ მოხდეს გულის გაჩერება და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პულსების შეჩერება. ეს ომბუდსმენის თქმით, ვერ კვალიფიცირდება, როგორც კვება. ამიტომ ძალიან სამარცხვინოა როდესაც „ქართული ოცნება“ ამ დონეზე დადის და ამ ტიპის მანიპულაციებს იყენებს საზოგადოებრივი აზრის განწყობის მიზნით.

ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, უნდა მოხდეს სააკაშვილის ჰოსპიტალიზება ადეკვატურ, მულტიპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში. ეს არის აუცილებელი მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს გამოცხადებული საპარლამენტო ბოიკოტი. ჩვენი კოლეგა ელენე ხოშტარია შიმშილობს ამავე მიზნით, შესაბამისად, ვიდრე ეს არ მოხდება, ვიქნებით საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში და შევუერთდებით ყველა საპროტესტო აქციას, ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნით“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, „ლელოს“ გეგმაა, „ყველა კანონიერი ფორმითა და მოქმედებით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება“.

„ჩვენი გეგმაა, მოვითხოვოთ ყველა კანონიერი ფორმითა და მოქმედებით სააკაშვილის ჰოსპიტალიზება. ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური საკითხი. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არასდროს ყოფილა კონკრეტულად სააკაშვილის მომხრე, არის ამ სწორი პოზიციის მომხრე. ჩვენც მათ შორის „ლელო საქართველოსთვის“ ვართ იმის მომხრე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადარჩეს, ჰქონდეს სიცოცხლის უფლება, რომ იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს და ადამიანის სიცოცხლეს არ დაემუქროს საფრთხე, ვინაიდან ყველა ადამიანის სიცოცხლე, ნებისმიერი მორალის მქონე პიროვნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გეგელიამ.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, „ლელო“ არ არის არეულობის მომხრე, მაგრამ არის ძალიან პრინციპული, მყარი პროტესტის მომხრე.

„საზოგადოდ ძალიან ნათლად გვითქვამს, რომ არ ვართ არეულობის მომხრე, მაგრამ ვართ ძალიან პრინციპული, მყარი პროტესტის მომხრე და ყოველთვის ვართ ამ პროტესტის ავანგარდში. ყოველთვის ვიქნებით წარმოდგენილი იქ, სადაც ქვეყნის სტაბილურობის ინტერესებია დასაცავი. ყოველთვის მიგვიღია მონაწილეობა სწორი პოლიტიკური შინაარსის დაცვაში. ყოველთვის ვხელმძღვანელობთ კანონით. უკლებლივ ყველა ნაბიჯი, რომელიც „ლელოს“ გადაუდგამს, იყო და არის ხოლმე კანონიერი. ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციაც უკვე მოხდა, როდესაც ყოველმა მეორე ქართულმა ოჯახმა სულ მცირე დაუჭირა მხარი ოპოზიციას და განახლებას. ვხედავთ, რომ სრულიად მშვიდობიანად, ყოველგვარი არეულობისა და დესტრუქციის გარეშე, რასაც „ქართული ოცნება“ და მისი სუს-ი საუბრობს, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, სულ მცირე მხარი დაუჭირა განახლებას. ეს არის რევოლუცია, რომელიც უკვე მოხდა. „ქართულ ოცნებას“ თუ რაიმე სხვა რევოლუციის ეშინია, მათ ანალიტიკა საერთოდ არ ჰქონიათ, ვინაიდან რევოლუცია უკვე მოხდა მშვიდობიანად. დღეს „ქართულ ოცნებას“ აღარ გააჩნია არანაირი მორალური ან პოლიტიკური მანდატი და ეს არის ყველა იმ ქართველი მოქალაქის დამსახურება, რომელიც გამოცხადდა არჩევნებზე და აირჩია ცვლილება, მიუხედავად ამ ძალიან მსხვილმასშტაბიანი ფართო ზეწოლისა, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის კარგად ცნობილია“, – განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, 7 ნოემბერი არის ძალიან სპეციფიკური, პოლიტიკური შინაარსით დატვირთული დღე, რომელიც გვახსენებს, რა არ უნდა მომხდარიყო და რა არ უნდა მოხდეს არასოდეს ქვეყანაში.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და ყველა ჩვენგანმა უნდა ვისწავლოთ ყველა იმ თარიღით, რომელიც სამწუხაროდ, არის შავ ლაქად ჩამოკიდებული საქართველოს ისტორიაში. ეს არის 7 ნოემბერიც, 20 ივნისიც და კიდევ არაერთი სხვა თარიღი. ძალიან ცუდია, ტრაგიკული, როდესაც საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაქვს ბევრი ასეთი თარიღი, როგორც ერთი, ასევე მეორე ხელისუფლების დროს. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, გავმოძრავდეთ, გავანაწილოთ ძალაუფლება, შევკრათ კოალიციური მმართველობა და აღარასდროს არ მივიღოთ არც 7 ნოემბრები, არც 26 მაისები, არც 20 ივნისები. ჩვენ გვჭირდება მოძრაობა წინ, ამისთვის აუცილებლად გვჭირდება კოალიციური ხელისუფლება, ძალაუფლების განაწილება და ქვეყნის ახალი პრინციპებით მართვა. მართვა, რომელიც იქნება დამყარებული ძალაუფლების, პასუხისმგებლობის განაწილებაზე და დადებით დღის წესრიგზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი. უწყება ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.