გრიგალაშვილი და მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალში არიან [ვიდეო] #1TVSPORTI

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი განაგრძობს. ტურნირზე მეოთხედფინალურ დაპირისპირებებში წარმატებულად იასპარეზეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ).

ტატომ გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ქართველი ნუგზარ ტატალშვილი დაამარცხა, მაისურაძემ კი თურქ განკს იპონით სძლია.

გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად თურქეთის სახელით გამომსვლელ რევაზიშვილს, იმავე ალბაირაქს დაუპირისპირდება, ლუკა კი აზერბაიჯანელ ფატიევს შეხვდება.

გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ) და ლაშა ბექაურმა (90 კგ).

პარიზში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.