გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ ავტონომიურ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვების მცდელობით იმედგაცრუებულია
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ავტონომიურ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვების მცდელობით.
ნილსენის თქმით, გრენლანდია პასუხისმგებელია საკუთარ მომავალზე და მისი ტერიტორიული მთლიანობა და გრენლანდიელების უფლება არ შეიძლება, უბრალოდ იგნორირებული იყოს.
„გრენლანდია ჩვენი ქვეყანაა. სწორედ აქ მიიღება გადაწყვეტილებები. მე ყოველთვის ვიბრძოლებ ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მომავლის შექმნისთვის“, – განაცხადა ნილსენმა.
იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, გრენლანდიის 57 000-იანი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს დანიისგან დამოუკიდებლობა, მაგრამ არ სურს, შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი დანიშნა. როგორც ტრამპმა განაცხადა, შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.