გრეგორ თაუნსენდი - „საქართველო კარგი გუნდია და შაბათს საინტერესო მატჩს ველით“
გრეგორ თაუნსენდი - „საქართველო კარგი გუნდია და შაბათს საინტერესო მატჩს ველით“

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა პრეს-კონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო ძალიან კარგი გუნდია და შაბათს, 31 დეკემბერს, საინტერესო მატჩს ელის.

„ბედნიერები ვართ, რომ აქ ჩამოვედით და ვიცით, რომ ისტორიული მატჩია თქვენი გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის. აქ პირველად ვართ და ქართველი ხალხი ძალიან მოგვწონს. თქვენ კარგი მოთამაშეები და შესანიშნავი მწვრთნელები გყავთ, რის გამოც წლიდან წლამდე აუმჯობესებთ თამაშს“, – განაცხადა თაუნსენდმა. – „ჩვენი გუნდი ახლოს არის სრულ შემადგენლობასთან, ხოლო რაც შეეხება სტიუარტ ჰოგს, მან ბოლო ორი თამაში ითამაშა და ვთვლით, რომ ახლა უნდა დაისვენოს. დღეს მის ნაცვლად სხვა მოთამაშეს ვაძლევთ შანსს, რომელსაც, იმედი გვაქვს, გამოიყენებს“.

თაუნსენდმა საქართველოსა და სამხრეთაფრიკულ საუზერნ კინგსს შორის მატჩზეც ისაუბრა და ქართველი მორაგბეების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ჩვენ ვუყურეთ საქართველოს მატჩს „საუზერნ კინგსთან“ და ვნახეთ, როგორი კარგი გუნდია საქართველო და როგორ შემოაბრუნა წაგებული მატჩი, როცა ეს საჭირო გახდა“.

„შეიძლება თუ არა, რომ საქართველო ექვს ერში ვიხილოთ? მე ვფიქრობ, რატომაც არა? მე მახსოვს, როდესაც ეს ხუთი ერი იყო, შემდეგ იტალია მივიღეთ და ექვსი ერი გახდა. მშვენიერი ტურნირია და მომავალში სავსებით შეიძლება, რომ შვიდი ერიც გახდეს“.

„ვიცი, რომ საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდებიც ჰყავთ და მათმა 20-წლამდელებმა შოტლანდია ორჯერ დაამარცხეს. მართალი გითხრათ, ჩვენ ცოტათი გაწბილებულები ვართ, რადგან შარშან კარგი წელი არ გვქონდა, მაგრამ ახალი თაობა ჩვენთანაც მოდის და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, რომ ტესტ-მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის 31 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.