გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავეს
გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა“, – აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი