გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს, ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს, ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ქვებით ჩაამსხვრიეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ოფისთან ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოფისს რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს და ქვებით მინები ჩაამტვრია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვასილისა ჯალაბაძის ინფორმაციით, ოფისში მომხდარის დროს არავინ იმყოფებოდა და მათ ამის შესახებ თვითმხილველისგან გაიგეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

თვითმხილველისგან გავიგეთ, რომ ოფისი დაარბიეს. ეს ჯგუფური თავდასხმაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე. მინები ქვებითაა ჩამსხრეული. მომხდარში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ გიორგი ხოჯევანიშვილის პირდაპირი დავალებით მოქმედებდნენ ეს ადამიანები, რადგან რაც ის შევიდა ერთპარტიული, გაყალბებული ხმებით მოსულ პარლამენტში, ჩვენ გორის ოფისმა არაერთხელ ვაჩვენეთ საზოგადოებას მისი საქმეები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს  არის „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც ახალისებს ძალადობას“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის წევრი ვასილისა ჯალაბაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი