მადრიდის „რეალისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა კონტრაქტი გააფორა „მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) კლუბთან „ინტერ მაიამისთან”, რომლის ერთ-ერთი მფლობელია ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი.
შეთანხმების პირობები უცნობია, თუმცა, ადრე პრესაში დაიწერა, რომ კონტრაქტი 2022 წლის დეკემბრამდე იქნება ძალაში, ფეხბურთელი კი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ახალ კლუბში იგუაინი მეცხრე ნომრით ითამაშებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო „ინტერ მაიამის“ იმ მონდომებისთვის, რომელიც კლუბმა ჩემი გაფორმებისთვის გამოიჩინა. ვფიქრობ, ეს იქნება შესანიშნავი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. ახალი ლიგა, ლამაზი ქალაქი – ეს ის არის, რასაც ვეძებდი. მართლაც ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ჩემი მიზანია – შევეცადო გადავცე მთელი ის გამოცდილება, რომელიც ევროპაში შევიძინე და ზრდაში დავეხმარო გუნდს“, – თქვა 32 წლის არგენტინელმა.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, იგუაინმა ორმხრივი შეთანხმების თანახმად გაწყვიტა კონტრაქტი „იუვენტუსთან“. ტურინული კლუბის რიგებში ის სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.