გოლი თითქმის ორი წლის შემდეგ - გიორგი კოხრეიძემ „გაგრას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„საბურთალოში“ დაბრუნებულმა გიორგი კოხრეიძემ პირველი გოლი გაიტანა, რაც მისთვის ბოლო 2 წელიწადში პირველი შედეგიანი მოქმედება იყო.
24 წლის თავდამსხმელი „გაგრასთან“ შეხვედრაში მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, ერთ წუთში კი გიზო მამაგეიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ეფექტურად დაარტყა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
კოხრეიძემ ბოლოს გოლი 2021 წლის 16 მაისს ბათუმის „დინამოსთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა, ანუ ბოლოს თავის გამოჩენა ერთი წლის, 10 თვისა და 15 დღის წინ მოახერხა.
მერე თავდამსხმელს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, 2021 წლის ზაფხულში საფრანგეთში ისე წავიდა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო. ლიგა 2-ის „გრენობლის“ შემადგენლობაში ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა – გუნდში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კოხრეიძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ლიდერი იყო, საფრანგეთში წასვლამდე კი „საბურთალოს“ კაპიტანი გახლდათ.