გოლი მარადონას სტილში - სომხეთში, უეფა-ს განვითარების თასზე, ქართველმა ნახევარმცველმა ექვსი მეტოქე მოატყუა და გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ულამაზესი გოლი გაიტანა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების მე-10 ნომერმა, რეზი დანელიამ ერევანში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე, სადაც პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა ლიბანელი თანატოლები 3:1 დაამარცხა.

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები პირველი ნახევრის 35-ე და 39-ე წუთებზე სწორედ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა დააწინაურა. რეზი დანელიამ დუბლი შეასრულა და შესვენებამდე ჩვენი ნაკრები კომფორტული უპირატესობით გავიდა.

მისი მეორე გოლი დააახლოებით ისეთი იყო, მარადონამ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისს რომ გაუტანა – განსხვავება ისაა, რომ დანელიამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, 5 მეტოქეს შორის გაძვრა, ბოლოს ლიბანელთა მეკარეც მოატყუა და ზუსტად დაარტყა – 2:0. სხვათა შორის, ლიბანელ კომენტატორსაც ამ გოლზე მარადონა გაახსენდა.

ლიბანელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შემოსულმა ჩარბელ ასაფიმ მეორე ნახევარში, 41-ე წუთზე (ტაიმები 40-წუთიანი იყო) სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. საბოლოო ანგარიში 53-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ლუკა წულაიამ, დააფიქსირა და საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა პირველი მატჩი 3:1 მოიგო.

გიორგი ჩიტაურის გუნდი უეფა-ს განვითარების თასზე მომდევნო მატჩს 10 მაისს მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.

U15 მატჩების განრიგი

10 მაისი

მოლდოვა V საქართველო 16:00

12 მაისი

სომხეთი V საქართველო 16:00