გოლების წვიმა ზესტაფონში - ბათუმელებმა აჭარული დერბი 8:1 მოიგეს #1TVSPORT
გოლების წვიმა ზესტაფონში - ბათუმელებმა აჭარული დერბი 8:1 მოიგეს #1TVSPORT

ბოლო დღეებში საქართველოში გაუთავებლად წვიმს და ამით ვერავის გააკვირკვებ, მაგრამ ის „წვიმა“, რაც ზესტაფონის „დავით აბაშიზე არანაზე“ წამოვიდა, გამორჩეული იყო – ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩში რვა გოლი გაიტანა.

ბოლო ორ ტურში მოპოვებული ქულის შემდეგ ბათუმელი გულშემატკივრები „დინამოს“ მთავარ მწვრთნელზე, გია გეგუჩაძეზე ისე გაბრაზდნენ, რომ ბევრი მის გაშვებას ითხოვდა, მაგრამ აჭარულ დერბიში, „დელა მანდარინაში“ საკმაოდ ძლიერ ქობულეთის „შუქურასთან“ გეგუჩაძის გუნდმა მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა – 8:1.

არადა, მატჩი სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო: მე-15 წუთზე ანგარიში „შუქურას“ თავდამსხმელმა ლევან ინგოროყვამ გახსნა – 1:0. ამის შემდეგ „დინამო“ მოედანზე, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებდა, რაც მოიფიქრა. 5 წუთში, ლადო მამუჩაშვილმა წონასწორობა ძალიან კარგად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. ავსტრიელმა ლუკაშ გროცურეკმა 6 წუთში დუბლი შეასრულა, შესვენებამდე კი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა, ისევე როგორც ჯაბა ჯიღაურმა (მან 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა), საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე გიორგი ზარიამ ულამაზესი დარტყმით დააფიქისრა.

11 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 22 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისს“ ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით პირველზე დაწინაურდა. ქობულეთის „შუქურა“ კი 13 ქულით მე-6 ადგილზე დარჩა.


შუქურა – დინამო (ბთ) 1:8


გოლები: 1:0 ინგოროყვა (15. ჯეფერსონ ჯერალდოს პასით), 1:1 მამუჩაშვილი (20), 1:2 გროცურეკი (23. ჯიღაურის პასით), 1:3 გროცურეკი (28), 1:4 ფანცულაია (43. ტეიდის პასით), 1:5 ჯიღაური (55. ნავალოვსკის პასით), 1:6 ფანცულაია (69. მამუჩაშვილის პასით), 1:7 ჯიღაური (76), 1:8 ზარია (89. აზაროვის პასით)

29.04. ზესტაფონი. „დავით აბაშიძე არენა“.

შუქურა: შეროზია – ფარეტნაძე, ჭანტურია (37. კალანდია), რეხვიაშვილი, ხმალაძე – ექვთიმიშვილი, გურეშიძე (58. ტენორი), ჯერალდო (67. ვერულიძე) – კაბრალი, ინგოროყვა (67. ჩელებაძე), მუსელიანი (58. აფხაზავა)

დინამო ბათუმი: კუპატაძე – ჩაბრაძე (46. მანჯგალაძე), კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი (70. შინდაგორიძე(, ჯიღაური, ალთუნაშვილი (61. აზაროვი), ტეიდი, გროცურეკი (61. ზარია) – ფანცულაია (72. სანოგო)

მთავარი არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

გაფრთხილებები: გ. გურეშიძე (25), ჯიღაური (25), ჭანტურია (28), ექვთიმიშვილი (65)


 

დატოვე კომენტარი