გოლების წვიმა და ლამაზი სანახაობა ეროვნულ ლიგაში - „სამგურალმა“ „გაგრასთან“ თამაში შემოატრიალა [ვიდეო] #1TVSPORT

„გაგრამ“ ეროვნული ლიგის პირველ ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და სანახაობრივ და უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხდა – 3:4.

ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის გმირი „სამგურალის“ დებიუტანტი ნიკა ხორხელი გახდა, რომელმაც 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ექვს წუთში კი ულამაზესი დარტყმით დუბლი შეასრულა და წყალტუბოელები 2:0 დააწინაურა.

36-ე წუთზე გიორგი ლომთაძემ ეფექტური დარტყმით მოახერხა ანგარიშის შემცირება. მე-60 წუთზე კი ზურაბ მუსელიანმა წონასწორობა ულამაზესი „მაკრატელათი“ აღადგინა. 78-ე წუთზე ლომთაძემ დუბლი შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა – 3:2.

სამგურალმა“ ბოლო წუთები შესანიშნავად ჩაატარა. 82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სერგო კუხიანიძემ ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ მასპინძლების კარში დანიშნული პენალტი ე.წ. პანენკას სტილში შეასრულა და „სამგურალს“ სეზონში პირველი 3 ქულა მოუტანა – 4:3.