გოგა ხაინდრავა - მხოლოდ ბოლშევიკები აკეთებდნენ იმას, რაც 12 დეკემბერს პარლამენტის დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოების წევრებმა გააკეთეს
გოგა ხაინდრავა - მხოლოდ ბოლშევიკები აკეთებდნენ იმას, რაც 12 დეკემბერს პარლამენტის დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოების წევრებმა გააკეთეს

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 12 დეკემბერს, სესიის დროს, პარლამენტში ხსნარი ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ქებურიამ მოასხა და ამაში დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ხელს უწყობდა.

„ეს ორივე ქალბატონი დგანან იმის წინაშე, რომ როცა პარტია უბრძანებს, ღილაკს თითს დააჭერენ, თავის თავსაც აიფეთქებენ და საზოგადოებასაც ააფეთქებენ. ეს იყო საზოგადოების აფეთქება. მსგავსი რამ არ ახსოვს  საქართველოს ისტორიას. მხოლოდ ბოლშევიკები აკეთებდნენ ამას და დღეს ეს გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოების წევრებმა. ქალბატონი ქებურიას დასხმული რომ არის, ამაში არც ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება. ვნახე კადრები, სპეციალურად ნელა გავუშვი,  სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს ჩაიდინა ქალბატონმა ქებურიამ და ამაში მას ხელს უწყობდა ქალბატონი ნადირაშვილი. პირდაპირ ჩანს კადრებში, როდესაც ის იფარავს ხელს;  შარფით აქვს გადახვეული ხელი, რომელშიც უკავია ის რაღაც. ეს ნივთიერება იყო შხამიანი. დარწმუნებული ვარ, ქალბატონმა ბოლომდე არ იცოდა, რადგან ქიმიკოსი არ არის, რა ნივთიერება ჰქონდა. მან ეს დავალებით შეასრულა, ასევე დაასხამდა ციანიდს, დარიშხანს“ ,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ, ასევე, კომენტარი გააკეთა მოძრაობა „სირცხვილიას“ თავდაპირველ განცხადებაზე, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებდა“.

„სირცხვილიას“ სწორად ჰქვია თავისი სახელი, ნამდვილად სირცხვილი გამოვიდა. მაგისი წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ვართ ამის შემსრულებლებიო. ვისი ხელით აკეთებთო, ჩვენ იქ პოლიტიკური წარმომადგენლები გვყავს, თანამებრძოლები და არასამთავრობოებიო. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ამ ახალგაზრდა კაცმა თქვა, რომ არასამთავრობოები და პოლიტიკური ორგანიზაციები, ზუსტად ისინი, ვინც გაერთინებულები არიან ამ თვითმკვლელებში“ ,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

12 დეკემბერს, პარლამენტის სესიის დროს, დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით კი, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაპირველად მოძრაობა „სირცხვილიამ“ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებდა“, მოგვიანებით კი, ასევე,  სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ხუმრობა იყო.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.