Goal.com – მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება არ ნიშნავს, რომ კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებს #1TVSPORT
„ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია და, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, „ოქროს ბურთის“ ფავორიტებს შორის უნდა იყოს“, – ამ სათაურით ავტორიტეტულმა გამოცემამ, Goal.com-მა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ასაბუთებს, რომ, მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშებლობის მიუხედავად, კვარაცხელია, შეიძლება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მაინც გახდეს.
„მსოფლიო ჩემპიონატს „ოქროს ბურთის“ მფლობელის არჩევისას ყოველთვის დიდი გავლენა აქვს. კვარაცხელია ზაფხულში გასამართ ტურნირზე ვერ ითამაშებს, მაგრამ უნდა გამორიცხოს თუ არა ამ ფაქტორმა იგი პრეტენდენტობის სიიდან, როდესაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მასზე უკეთესი მოთამაშე არ არის? კვარაცხელიამ 30 მაისს „არსენალთან“ ფინალში კიდევ ერთხელ რომ გაიბრწყინოს, განა ის „ოქროს ბურთის“ მოგებას არ დაიმსახურებს?
ქართველი შემტევი პსჟ-ის ზედიზედ მეორე ფინალში გასვლის მთავარი შემოქმედია. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მასზე მეტ გოლში (16) არავინ მონაწილეობდა. „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი პრეტენდენტი კვარაცხელია „პარკ დე პრენსზე“ მიუნხენის „ბაიერნთან“ გამარჯვების (5:4) შემდეგ გახდა. ნიდერლანდელმა ლეგენდამ, კლარენს ზეედორფმა მას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე უწოდა. კვარაცხელია შეტევაში ძალიან ეფექტურია, ასევე დაცვაშიც ბევრს მუშაობს.

თუკი ქართველი ფინალშიც შესანიშნავად ითამაშებს, ის მსოფლიო ჩემპიონატამდე „ოქროს ბურთის“ რეიტინგის ლიდერი გახდება, მაგრამ წლის მთავარ ტურნირში მონაწილეობის გარეშე სათავეში დარჩენა გაუჭირდება და კონკურენტების თამაშებზე იქნება დამოკიდებული.
თუმცა ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატი (შესაბამისად, 2010 და 2014 წლებში) ვერ მოიგეს, მუნდიალზეც არ იყვნენ გამორჩეულები, მაგრამ, ამის მიუხედავად, „ოქროს ბურთი“ მაინც მოიპოვეს.
შესაძლოა, კვარაცხელია ჯერ არ არის მათ დონეზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, სულაც არ ნიშნავს, რომ „ოქროს ბურთს“ ვერ მოიპოვებს – ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთი ბრწყინვალე და გადამწყვეტი თამაშით ის ყველაზე დამსახურებული გამარჯვებული გახდება“.