გივი მიქანაძე – სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო შარვლისა და ქვედაკაბის – 25-25 ლარით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახის ქულა 65 001-ზე ნაკლებია
იმისთვის, რომ სასკოლო ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები განთავსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საზოგადოებას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
მისივე თქმით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25-25 ლარით. მინისტრმა ასევე განმარტა მოსწავლეთა ის კატეგორია, რომელთაც ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია; მოსწავლეებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში და მოსწავლეებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხული არიან საქართველოს საჯარო სკოლებში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
„იმისთვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები განთავსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ.
სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 25 აგვისტო, მეორე ეტაპი 15 ოქტომბერი, მესამე ეტაპი 30 ნოემბერი. პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის პირველიდან 14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. შესაბამისად, პირველკლასელები 2026-2027 სასწავლო წელს უკვე ახალი ფორმებით შეხვდებიან.
რაც შეეხება მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაციის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელება გაგრძელდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.