გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სასკოლო კულტურის განვითარებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას

23:49, 09.08.2026

სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საზოგადოებას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

მისივე თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება.

„ეს გადაწყვეტილება ემსახურება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სასკოლო კულტურის განვითარებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო ფორმის ხარისხი იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.

მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის, SGS-CSTC Standards Technical Services Co., Ltd-ის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, SGS-CSTC Standards Technical Services Co., Ltd საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით.

„ეს გახლავთ შვეიცარიული კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჟენევაში და ეს კომპანია ფლობს 2500-ზე მეტ ლაბორატორიას მსოფლიოს 115 ქვეყანაში.

მოგეხსენებათ, სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებდა წარმოდგენილ მოთხოვნებს. შერჩევის კრიტერიუმებს შორის იყო ხარისხის კომპონენტი, დიდი რაოდენობის პროდუქციის დამზადება, დროული მიწოდება, ღირებულება და სხვა.

ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ამ მასშტაბის შეკვეთის დამზადება გაწერილ ვადებში ქართული კომპანიებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ბაზრის კვლევაში გაიმარჯვა საქართველოში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ, Glory Textile Industry-მ. ამავე კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მისი მოწოდების უზრუნველყოფა ჩინეთში მწარმოებელ ბრენდს შეუკვეთა, რომელიც სასკოლო ფორმებს ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის კერავს.

სამინისტროს მიზანია, რომ საქართველოშივე შევძლოთ სასკოლო ფორმის შეკერვის უზრუნველყოფა და ამას ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება 25-25 ლარით. მინისტრმა ასევე განმარტა მოსწავლეთა ის კატეგორია, რომელთაც ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ასევე სასკოლო ფორმის ტარებისგან გათავისუფლების საგამონაკლისო შემთხვევები.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია; მოსწავლეებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში და მოსწავლეებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხული არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლაში გამოცხადდება ფორმის გარეშე: სკოლა მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.

თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

„იმისთვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები განთავსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ.

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 25 აგვისტო, მეორე ეტაპი 15 ოქტომბერი, მესამე ეტაპი 30 ნოემბერი. პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის პირველიდან 14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. შესაბამისად, პირველკლასელები 2026-2027 სასწავლო წელს უკვე ახალი ფორმებით შეხვდებიან.

რაც შეეხება მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაციის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელება გაგრძელდება.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სკოლებში ჩვენი შვილებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმა და სასკოლო ფორმა სწორედ ამ დიდი რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება არის მოსწავლე, მისი განვითარება და მომავალი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი