გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმებმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის კვლევები, სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არის გამძლე და პრაქტიკული

00:09, 10.08.2026

ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ სასკოლო ფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საზოგადოებას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის, SGS-CSTC Standards Technical Services Co., Ltd-ის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, SGS-CSTC Standards Technical Services Co., Ltd-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით.

„ეს გახლავთ შვეიცარიული კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჟენევაში და ეს კომპანია ფლობს 2500-ზე მეტ ლაბორატორიას მსოფლიოს 115 ქვეყანაში.

მოგეხსენებათ, სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებდა წარმოდგენილ მოთხოვნებს. შერჩევის კრიტერიუმებს შორის იყო ხარისხის კომპონენტი, დიდი რაოდენობის პროდუქციის დამზადება, დროული მიწოდება, ღირებულება და სხვა.

ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ამ მასშტაბის შეკვეთის დამზადება გაწერილ ვადებში ქართული კომპანიებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ბაზრის კვლევაში გაიმარჯვა საქართველოში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ, Glory Textile Industry-მ. ამავე კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მისი მოწოდების უზრუნველყოფა ჩინეთში მწარმოებელ ბრენდს შეუკვეთა, რომელიც სასკოლო ფორმებს ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის კერავს.

სამინისტროს მიზანია, რომ საქართველოშივე შევძლოთ სასკოლო ფორმის შეკერვის უზრუნველყოფა და ამას ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მსგავსი