გივი მიქანაძე - სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეიწყალა
გივი მიქანაძე - სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეიწყალა

საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გიორგი რურუას შეწყალების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას დღეს ვნახეთ, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, შეწყალების კომპეტენცია და პრეროგატივა კონსტიტუციით მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს.

„სალომე ზურაბიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად ის ეწინააღმდეგებოდა ამ აქტის გამოცემას,  ჩვენც ამას ვაღიარებთ, რომ ის არის კრიმინალი, რომელმაც ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება რისთვისაც მას სასამართლომ განუსაზღვრა კონკრეტული სასჯელი, მიიღო მისი შეწყალების გადაწყვეტილება.  თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, უკვე დაარღვიეს ეს შეთანხმება და არ შემოვიდნენ პარლამენტში დღეს. სულ მცირე სამი ასეთი ადამიანი შემიძლია, დაგისახელოთ გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და ბაჩუკი ქარდავა, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი ამ დოკუმენტზე და დღეს ჩვენ ისინი დარბაზში არ გვიხილავს. რაც შეეხება შეთანხმებას, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამას. დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება იქნეს შესრულებული და ჩვენი მხრიდან ერთი წუთით უკან გადადგმული ნაბიჯი არ იქნება. ჩვენ ვართ მაქსიმალურად მობილიზებული, რამდენიმე საკითხი მიმდინარე პროცესშია, მათ შორის ამნისტია“, – განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.