გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული გიორგი რურუა გათავისუფლდა.

მან გლდანის ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ევროკავშირის პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, ჰარცელს. ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში, შაჰინს და რიშს, ასევე ევროკავშირის პარლამენტარებს, ჩვენს დიდ მეგობარ კუბილიუსს, ანა ფოტიგას, მარკეტა გრეგოროვას და სხვებს.

პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელიამ სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით, ეს დამტკიცდა და მემგონი, ყველასთვის ნათელია, ახლა ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ. მინდა, მადლობა გითხრათ ჟურნალისტებს, წელიწადნახევარი რა ზეწოლის ქვეშ თქვენც ხართ, ასევე, მადლობა ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო, სამოქალაქო ორგანიზაციებს“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.