გივი მიქანაძე – სახელმძღვანელოებში ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი, მაგალითად, ქიმიის ყდაზე ღვინის წურვა, ქართულის ერთ-ერთ ნაწილში ილია მეორის სიტყვები – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
სახელმძღვანელოებზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა წარმოებდა, ამაში ჩართული იყვნენ მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დარგების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული ღვინის წურვა, ტრადიციული, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული და მერე, უკანა ყდაზეა აღწერილი ეს რვაათასწლიანი კულტურა, როგორ არის იუნესკო-ს მიერ აღიარებული. მაგალითად, ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება ელგუჯა მეძმარიაშვილის ის უდიდესი გამოგონება, რომელმაც კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრი წარმოაჩინა და ესეც ჩვენი ერის მონაპოვარია. ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე ქართული მარცვლეულის ხუთი თავთავი იქნება, რომელიც შევიდა და მსოფლიოში დაიმკვიდრა უნიკალური ადგილი. ქართულ ენასა და ლიტერატურაზე წარმოდგენილია იოანე ზოსიმე, ვეფხისტყაოსანი და ა.შ. ანუ, ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამიერიდან, მეათე კლასისთვის საქართველოს ისტორია იქნება ცალკე საგანი, ცალკე სახელმძღვანელო განისაზღვრა, ის ისტორიის საერთო ნაწილში აღარ იქნება და მსოფლიო ისტორია ცალკე იქნება. ასევე, ამ სახელმძღვანელოების ძალიან დიდი ღირებულებითი ნაწილია, რომ 500-ზე მეტი ილუსტრაცია შევიდა სრულიად ახალი, რომელიც არასოდეს ყოფილა და ეხება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სხვადასხვა მუზეუმიდან ექსპონენტებს და ასე შემდეგ, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რა საგანძური აქვს ჩვენს ქვეყანას. ამ ყველაფერს კიდევ ემატება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ჰქვია ჩვენი უსაყვარლესი, განსვენებული პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებები და ციტატები, რაც ქართული ენის სწავლებასთან არის დაკავშირებული. ქართულში ერთ-ერთი სახელმძღვანელო მთავრდება მისი ცნობილი ფრაზით – „საქართველო მიყვარხარ“ და მისი სურათია. არის ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ემოციური და ღირებულია. გვექნება ერთ-ერთ ნაწილში ილია ჭავჭავაძე, რომელიც „მამული, ენა, სარწმუნოებას“ ამბობს და ილია მეორე, რომელიც ამბობს – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. ყველა სახელმძღვანელოს წინა გვერდზე იქნება გამოსახული საქართველოს დროშა, სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და გერბი. ეს ეროვნული კომპონენტები მაქსიმალურად შემოგვაქვს სასწავლო პროცესში, მთლიანად გადაწყობა ხდება სახელმძღვანელოს პრინციპის, მიზნების. დამერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში იმ სასურველ შედეგს მივიღებთ, რომლითაც გვინდა, ჩვენი მომავალი თაობები იზრდებოდნენ“, – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს მხოლოდ გამომცემლობებმა.
„ჩვენი მთავარი ინტერესია, რას ფიქრობს საზოგადოება. პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, რომ ხალხის აზრია მნიშვნელოვანი. მშობლებთან როდესაც გვქონდა საუბარი, სადაც არ ჩავედი ყველა ამბობს, რომ უკმაყოფილოა სახელმძღვანელოებით; განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმ შემთხვევაში, თუ ხედავს, რომ ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, იგივე საგანში, იგივე საფეხურზე აბსოლუტურად სხვა სახელმძღვანელო ხვდება სხვა მეთოდოლოგიით, რაც იწვევს ბავშვში დაბნეულობას და მისი სწავლის შედეგიანობა ძალიან მცირდება. ჩვენ ამ პროცესებს დავაკვირდით და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამას გარდა, ამ გადაწყვეტილებას კიდევ მეორე საფუძველი დაედო, 2024 წელს საქართველოს პარლამენტში მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, რომელმაც ძირეულად, ფუნდამენტურად შეცვალა ღირებულებითი ნაწილი. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი გახდა ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად პრიორიტეტიზაცია სასწავლო პროცესში. ეს 2004 წელს მიღებულ ანალოგიურ დოკუმენტში ასე არ იყო, აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი იყო ეროვნული ღირებულებები და სხვა ღირებულებები იყო წინ წამოწეული, რომელიც სწორედ ეროვნულ ღირებულებებს უპირისპირდება ხშირ შემთხვევაში, ლიბერალურ ღირებულებებზეა საუბარი. ამიტომ, შემიძლია, გითხრათ, რომ სახელმძღვანელოების რეფორმა ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ხერხემალია“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე სასკოლო ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული მიმართულების და სტემმიმართულების საგნებში – ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ყველა სახელმძღვანელო სრულად შეიცვლება.
„ამასთანავე, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთი და იმავე საფეხურზე ერთი და იგივე საგანში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში. კერძო სკოლებს მოუწევთ ამ სახელმძღვანელოს შეძენა, ხოლო საჯარო სკოლებში ტრადიციულად, ჩვენ უზრუნველვყოფთ უფასოდ. უკვე წელს, სასკოლო წლის დაწყებისთვის, 2026 წლის 15 სექტემბერს პირველკლასელებს, მეშვიდე კლასელებს და მეათე კლასელებს დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ანუ, სამ საფეხურზე დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები“, – განაცხადა მიქანაძემ.