გივი მიქანაძე – მიმდინარე სასწავლო წელს 4 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ღირებულებითი განათლება, ამ პროცესს ხელმძღვანელობს ჩვენი პატრიარქი შიო მესამე, რომელიც ამ კომპონენტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
ღირებულებითი განათლება თავის დროზე საპატრიარქოს მიერ იყო ინიცირებული და ამ სასწავლო წელს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით უკვე შევძელით, საქართველოს მასშტაბით 175 კლუბი დაგვეარსებინა, სადაც 4 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მთელი წლის განმავლობაში მიიღო ღირებულებითი განათლება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პროექტი არის ძალიან სწორი და მიზანმიმართული გაგრძელება იმ ღირებულებითი სწავლების, რაც ახალი კონცეფციით სახელმძღვანელოებშია გათვალისწინებული.
„ამ პროცესში ჩართული არიან მოძღვრები და ამ პროცესს პირველი დღიდან, რომელიც ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა, ხელმძღვანელობს ჩვენი პატრიარქი შიო მესამე. ის ამ კომპონენტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ისევე, როგორც ჩვენ და შევთანხმდით, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, ანუ, დეკემბრის ბოლომდე უკვე 350 ასეთი კლუბი იქნება ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება მზარდი ციფრი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის არჩევითი საგანი, ანუ, ეს არ არის სავალდებულო საგანი და მინდა გითხრათ, როგორც კი ეს სკოლებში შევიდა, მყისიერად შეივსო ჯგუფები, არის მზარდი მოთხოვნილება. საზოგადოებისგან დიდი მოთხოვნაა, რომ მათ სკოლებშიც შევიდეს. ამ კუთხით, ჩვენ პირველ რიგში, დამოკიდებული ვართ საპატრიარქოზე, რომ მეტი სასულიერო პირი გამოყოს, მათი გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხდება და შემდგომ უკვე, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ სკოლებს, სადაც ეძლევათ საშუალება, თავისი საქმიანობა განახორციელონ. ბევრი მამაოა, რომელიც ორ ან სამ სკოლაში პარალელურ რეჟიმში ეწევა ამ ღირებულებით განათლებას“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, ღირებულებითი განათლება ეხება ყველაზე ძვირფასს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტული სულისკვეთების აღძვრას ჩვენს ახალგაზრდებში, ოჯახური სიწმინდის საკითხებს, უფროსის, ქალის მიმართ პატივისცემის დაფიქსირებას, ტრადიციების პატივისცემას და ა.შ.
„ეს გაკვეთილი არ არის კლასიკური გაგებით რელიგიური გაკვეთილი, ეს არის მეგობრობაზე, მოყვასის გვერდით დგომაზე, არის ის ყველა ფუძემდებლური პრინციპი, რაც ქრისტიანული რელიგიისთვის არის დამახასიათებელი. ზოგადად, ქრისტიანული რელიგია ხომ სიყვარულის მქადაგებელი რელიგიაა? სიყვარული სამშობლოს , მეგობრის, ოჯახის მიმართ. ამ თემებზე არის საუბარი და სწორედ იმ ფასეულობებს ასწავლიან ჩვენი ძვირფასი სასულიერო პირები ჩვენს შვილებს, რომლითაც გვინდა, ჩვენი შვილები იზრდებოდნენ და შესაბამისად, პროგრამის შეჯერება მათთან ხდება. ასევე, ჩვენ ვეკითხებით, როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს, სასკოლო საზოგადოებას მთლიანად, რა საჭიროებები და რა მოთხოვნილებებია, რათა ამის გათვალისწინება მოხდეს ამ კლასგარეშე პროგრამაში, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს“, – განაცხადა მიქანაძემ.