გივი მიქანაძე - ბენ ჰოჯესი ცდილობს, წვლილი შეიტანოს საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ დამაზიანებელ კამპანიაში, რათა ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას
გივი მიქანაძე - ბენ ჰოჯესი ცდილობს, წვლილი შეიტანოს საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ დამაზიანებელ კამპანიაში, რათა ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ვერ ვხვდები, რა არის სასარგებლო საქართველოსთვის კრემლის ხელბორკილებში, რადგან კრემლი აგებს ამ ომს, ეკონომიკა ჩამონგრეულია.“

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, როდესაც აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ქვეყნის რეპუტაციისა და ავტორიტეტისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს, ამ კონტექსტში ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

მისი თქმით, ბენ ჰოჯესის მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მასში პირდაპირ იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი.

„რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს, მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც, რამდენიმე თვეა, საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული, რათა ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. რეალურად იკვეთება კავშირები, რაც ამყარებს პოზიციას, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობის კონკრეტული კომპონენტი და ბენ ჰოჯესიც ამ აქტივობებშია ჩართული“, – განაცხადა მიქანაძემ.