გივი მიქანაძე – ბავშვს თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია სასკოლო ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან
ბავშვს თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საზოგადოებას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლაში გამოცხადდება ფორმის გარეშე: სკოლა მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.
თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.