გივი მიქანაძე - არავის არაფერი ემუქრება, თუ კონკრეტული პარტია არ სცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს
გივი მიქანაძე - არავის არაფერი ემუქრება, თუ კონკრეტული პარტია არ სცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს

არავის არაფერი ემუქრება, თუ კონკრეტული პარტია არ სცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.

ამასთან, გივი მიქანაძე გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.

„არავის არაფერი არ ემუქრება, თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ სცდება იმ ჩარჩოებს, რაც ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობითაა დადგენილი. პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ინიცირებულია და მისი საკომიტეტო მოსმენაც არ გამართულა. სავარაუდოდ, 2021 წელს საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება ამ კანონპროექტის განხილვა. ასევე, დღეს პირველი მოსმენით იქნა მიღებული პაკეტი ცვლილებებისა, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება, „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას, ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო უფრო სწორი მოწოდებები იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ასოცირებულნი არიან საქართველოში და მათ წევრობაში შედიან, რომ მათ ეღიარებინათ და პატივი ეცათ ქართველი ამომრჩევლის მიერ 31 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე შესულყვნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიეღოთ იმ პროცესებში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვები არ გაგრძელდება, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნა არ გახდება ცნობილი.

„დღეს უმრავლესობის ლიდერმა მართველი გუნდის სახელით განაცხდა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და ვაპირებთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე ორივე კანონპროექტი გადავაგზავნოთ შემდგომი შესწავლისა და საერთაშორისო სტანდარტების ფორმატში, ექსპერტული დასკვნისთვის ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუციებში, როგორიც არის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი. შესაბამისად, ეს გააჩერებს იმ კანონპროექტის რეჟიმს, რომელიც დღეს პირველი მოსმენით იქნა მიღებული და ჩვენ დაველოდებით იმ დასკვნებს, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოვა, რაც გახდება საფუძველი შემდგომი განხილვისა და მსჯელობის კუთხით“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტიის“  მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

დატოვე კომენტარი