გიული ალასანია - მიშას დაკავების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია
გიული ალასანია - მიშას დაკავების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც გიული ალასანიამ „ტვ პირველს“ განუცხადა, ორი დღეა, მიხეილ სააკაშვილი არ უნახავს.

„ორი დღეა, არ მინახავს, დაკავებული იყო, საქმეები ჰქონდა, სადღაც მიდიოდა-მოდიოდა. არ მქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში იყო, დღეს დილით გავიგე. მიშას დაკავების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, დააკავეს? მასთან კომუნიკაცია არ მქონია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.