გიორგი ზურაბიშვილი - მუქარა გრძელდება, სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებიდან ამჯერად ჩემს მეუღლეს წერენ
გიორგი ზურაბიშვილი - მუქარა გრძელდება, სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებიდან ამჯერად ჩემს მეუღლეს წერენ

მუქარა გრძელდება, სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებიდან, ამჯერად, ჩემს მეუღლეს წერენ, – ამის შესახებ პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო უწყებაში მისთვის კონკრეტული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, თუმცა უთხრეს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან, ყალბი ანგარიშების უკან მდგომი პიროვნებების ვინაობა მალე დაადგინონ.

„გუშინ ვიყავი გენერალურ ინსპექციაში. მივაწოდე აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია. დაიწყო გამოძიება. კონკრეტულად არაფერს მეუბნებიან, თუმცა მითხრეს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან, დაადგინონ იმ ადამიანის ან ადამიანების ვინაობა, ვინც ამ ყალბი „ექაუნთების“ უკან არის.

რაც შეეხება უშუალოდ ამ საკითხს, გრძელდება მუქარები, ამჯერად, უკვე ჩემ მეუღლეს, მარიამ მიქელაშვილს, წერენ სხვადასხვა ყალბი „ექაუნთებით“ და ემუქრებიან, რომ თუ მე არ გავაჩერებ, ასე თქვათ, ამ გამოძიებას და თუ მე არ გავჩუმდები, კვლავ ასეთი მუქარის წერილებია, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო“, – განაცხადა გიორგი ზურაბიშვილმა.

პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი, გიორგი ზურაბიშვილი, 23 მარტს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გიორგი ზურაბიშვილი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ნარკოპოლიტიკაზე გამოთქმული მოსაზრების გამო, უცნობმა პირებმა მუქარის წერილები მისწერეს.