ნარკოპოლიტიკაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო, პირველი არხის ჟურნალისტს, გიორგი ზურაბიშვილს ემუქრებიან
ნარკოპოლიტიკაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო, პირველი არხის ჟურნალისტს, გიორგი ზურაბიშვილს ემუქრებიან

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს მიმართავს.

მიმართვას დავით ზურაბიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი შვილის, პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი ზურაბიშვილის მიმართ უმსგავსო კამპანია აგორდა.

“მოგახსენებთ, რომ ჩემი შვილი, გიორგი ზურაბიშვილი არის საკმაოდ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და საერთოდ შორს დგას პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისგან. ამის აღნიშვნა შესაძლოა, ზედმეტიცაა, მაგრამ მაინც ვაფიქსირებ, მერე რომ არ იყოს ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ სპეკულაციებზე.

იმავდროულად, გიორგი, ისევე როგორც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, ბუნებრივია, მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებში. კერძოდ ის, თავის მეგობრებთან ერთად ხშირად აპროტესტებს ხოლმე არსებულ ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში გამომწყვდევის დრაკონულ პრაქტიკას. რაშიაც, ის ცხადია მარტო არ არის და მსგავსი შეხედულება აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.

ამჯერადაც მან გააპროტესტა ის ფაქტი, როდესაც მის მეგობარს ორ გრამამდე ემდიემეის ფლობისთვის მიუსაჯეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამგვარი სასჯელის სისასტიკეს და არაადამიანურობას საქართველში არ უარყოფს არავინ, მათ შორის ისინიც, ვინც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას დიდად არ ემხრობიან”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ არსებული კანონმდებლობა უვარგისია და მისი ჰუმანიზაციაა საჭირო, თუმცა, ამ ამბავს და შესაბამისი კანონპროექტის მიღებას რომ დღემდე არ დაადგა საშველი, ეს ცალკე პრობლემაა.

„პრობლემა პრობლემად და რაც გიორგის მიერ მისი მეგობრის პატიმრობის გაპროტესტებას მოჰყვა, ის უკვე საერთოდ არაფერში არ ჯდება. მისი ფოსტა ორი დღეა წაილეკა ანონიმი და ე. წ. ფეიკ-ექაუნთების მქონე პირების მხრიდან ლანძღვა-გინებით და მუქარებით. თან ეს ხალხი იგინება და იმუქრება პოლიციის და ხელისუფლების სახელით. აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი შემოტევები სოციალურ ქსელში, მსგავსი აგრესია და ლანძღვა-გინება პოლიციის სახელით არ არის პირველი შემთხვევა და პერიოდულად ხორციელდება ხოლმე სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მტკიცედ და მკვეთრად აკრიტიკებს არსებული ნარკოპოლიტიკის არაადამიანურ პრაქტიკას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ და ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ხორციელდება სწორედ ძალოვანი სტრუქტურების წიაღში”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

დავით ზურაბიშვილი მოითხოვს, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ტერორის ფატის გამო, ასევე გამოვლინდნენ და უმკაცრესად დაისაჯონ ამ ყველაფერის შემსრულებლები და ორგანიზატორები.

ამასთან, ამ მიმართვის გავრცელების შემდეგ, გიორგი ზურაბიშვილს შსს-ს გენერალური ინსპექციიდან დაუკავშირდნენ.