გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან
გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან.

„როგორც იცით, ჩვენ მივეცით ამ ადამიანებს ერთსაათიანი ვადა. მოთხოვნა არის უმარტივესი – გაიწვიონ რუსული კანონი პარლამენტიდან და მეორე, გაათავისუფლონ პატიმრები, რომლებიც უკანონოდ დააკავეს გუშინ. ხომ ვართ მყარი ამ მოთხოვნაში. სამწუხაროდ, ეს მხდალები და ლაჩრები იმალებიან, არავინ გამოდის კონტაქტზე. უპრობლემოდ შეუძლიათ ჩემი ტელეფონის მოძებნაც ან შეეძლოთ, საჯაროდ გაეკეთებინათ განცხადება, მაგრამ ისინი ცდიან ჩვენს გამძლეობას. ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ, არის ძალიან რთული ბრძოლა. ეს ბრძოლა ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, უნდა დაიღალონ ისინი და უკან უნდა დაიხიონ. ხელისუფლება როდესაც 100 ათასზე მეტ ადამიანს არ ელაპარაკები, როცა ემალები, არაფრის ღირსი აღარ ხარ, არანაირი ლაპარაკის ღირსი არ ხარ. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას, მშვიდობიანად და წყნარად, ეს აქ მდგომი ადამიანების გადაწყვეტილებაა, საინიციატივო ჯგუფის, ახალგაზრდების, სხვადასხვა ორგანიზაციის. ახლა შემდეგი ნაბიჯია, რომ ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდოთ პოლიციას, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა თუ სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს საზიზღრად გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან გადავინაცვლოთ და დავიძრათ გვერდითა შესასვლელებთან, უკანა შესასვლელთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო. ასევე, ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. ჩვენ მოგვიწევს, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება იქამდე, ვიდრე ისინი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ მანამდე ორი მოთხოვნა წამოაყენა. მან მიმართა „ქართულ ოცნებას“, რომ ერთ საათში გაეწვია „ხალხის ძალის“ კანონპროექტი, ასევე უნდა გათავისუფლდნენ გუშინ აქციაზე დაკავებული ადამიანები.