გიორგი ვაშაძე - „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, თუ უფრო ადრე იცოდნენ, რატომ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია, რას ელოდებოდნენ
გიორგი ვაშაძე - „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, თუ უფრო ადრე იცოდნენ, რატომ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია, რას ელოდებოდნენ

„სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი მონაცემების გარდა, არჩევნების გაყალბების სხვა ბევრი ფაქტი აქვს.

„ძალიან მძიმე ვითარებაა, არ შემიძლია ვთქვა, რომ არ ვეთანხმები კორექტირებულ ვერსიას. კიდევ ერთხელ ვამბობ, „სამართლიანი არჩევნები“ აფიქსირებს ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს, რათა არ მოხდეს ამ ოქმების გადაკეთება საოლქო თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ როგორც თვითონ ამბობენ, დაუშვა შეცდომა. ეს არ არის მარტივი შეცდომა, ეს არის ძალიან, ძალიან მძიმე შეცდომა. ახლა პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, უსმენდნენ, იცოდნენ, არ იცოდნენ, ფაქტი სახეზეა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი მონაცემების გარდა, ოპოზიციას გვაქვს სხვა ბევრი ფაქტი გაყალბებებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი არის ძალიან ცუდი, ძალიან საგანგაშო“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა „სამართლიანი არჩევნები“ იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ორგანიზაციამ არჩევნებთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია უფრო ადრე არ გაასაჯაროვა.

„ვფიქრობ, მთავარი საკითხი არის ის, რომ თუ უფრო ადრე იცოდნენ, რატომ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია აქამდე, რას გვიმალავდნენ და რას ელოდებოდნენ?! როდესაც ასეთი ტურბულენციაა ქვეყანაში, 40-დღიანი დაგვიანებით რაღაცის განხილვა, შემდგომ ამ სტრატეგიის ცვლილება და მარტივი განცხადებით შემოფარგვლა, ჩემი აზრით, ძალიან სუსტი პოზიციაა.

ნამდვილად არ მინდა, თავს დავესხა „სამართლიან არჩევნებს. ვფიქრობ რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ჩვენ მაღალი ნდობა გვქონდა, ყოველ შემთხვევაში აქამდე, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია საზოგადოებაში. ამ ორგანიზაციის ცალკე აღებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის ოპოზიციის გეგმებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არითმეტიკული გაანგარიშებით დაადგინა უხეში ხარვეზი, თუმცა ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დაისვა, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა“. საპასუხოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ „არაფერს მალავდნენ, ჰქონდათ სტრატეგია, როგორ მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე მუშაობდნენ“. მისივე თქმით, ბევრ დარღვევაზე ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, არ შეუსწავლია და ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია.