გიორგი ვაშაძე - „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი სულ მცირე უნდა გამოვიდეს და უფრო დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე
გიორგი ვაშაძე - „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი სულ მცირე უნდა გამოვიდეს და უფრო დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი სულ მცირე უნდა გამოვიდეს და უფრო დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე, როდის შეიტყვეს იმის შესახებ, რომ შეცდომა მოხდა და რატომ დასჭირდა ამას 40 დღე არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, აუცილებელია, სრულფასოვანი განმარტებები გააკეთონ ამ საკითხზე.

„ჩვენთვის ეს საკითხი გარკვეულწილად ცნობილი იყო ელჩებთან შეხვედრის დროს. უფრო სწორად, ეს არ იყო ცნობილი. ასაბუთებდა ამას „ქართული ოცნება“ და პრინციპში ჩვენ მაშინ არც კი მივიღეთ ეს არგუმენტი. ისინი ექსელის ფაილიდან ანუ ციფრებიდან და მათემატიკიდან გამომდინარე ამბობდნენ, რომ არალოგიკური ციფრებიაო, მაგრამ ამ დეტალებში ვერ შევალ, იქ რა საუბრები გვქონდა, მაგრამ მთავარია, ახლა „სამართლიანი არჩევნები“ გამოვიდეს, დეტალურად აღწეროს რა ხდება. მეორე მხრივ, დასკვნაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ ასეთი დაბალი დონის არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, არჩილ თალაკვაძე ბოდიშის მოხდას ითხოვს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აბრალებდნენ, გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს: „დაუკრეფავში ნუ გადავა“.

მის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ხედავს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას რაღაც ულტიმატუმებს უყენებს.

ვაშაძის განცხადებით, არჩვენების გაყალბების საკითხზე ოპოზიციის მტკიცებულებები მხოლოდ „სამართლიანი არჩევნებს“ არ ეყრდნობოდა.

„ეს ეყრდნობოდა ძალიან ბევრ საჩივარს, რომელიც ჩვენ შეტანილი გვქონდა სასამართლოში, საოლქოში. ასე რომ მზად ვარ, მივიდე მე-5 რაუნდზე და მყარი პოზიციით გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.