გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურად უნდა უპასუხოს ამერიკელი მეგობრების, დასავლელი პარტნიორების განცხადებებს და საზოგადოებას
„ქართული ოცნების“ მიზანი ოპოზიციიის ერთიანობის დარღვევაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, მათ ეს არ გამოსდით. გიორგი ვაშაძემ კომენტარი გააკეთა ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
„ისინი გვყოფენ ასეთებად და ისეთებად, ნულპროცენტიანებად და ბევრპროცენტიანებად, „ნაციონალებად“ და „არანაციონალებად“. ათასნაირ ფორმულირებას იგონებენ, მაგრამ კოვზი უკვე ნაცარშია ჩაგდებული. ნულპროცენტიანი თუ არის ოპოზიცია, მაშინ რატომ გეშინიათ პროპორციული არჩევნების? დანიშნეთ პროპორციული არჩევნები და ამხელა მხარდაჭერა თუ გაქვთ ხალხის მხრიდან, შეგიძლიათ, მოიგოთ ნორმალურ არჩევნებში.
ახლა იქამდე მივიდნენ, რომ თურმე „ამერიკის ხმამ“ არ იცის ინგლისური და მხოლოდ მათ იციან. სადამდე უნდა დაეცეთ? რამდენჯერ უნდა სცადოთ ეს ყველაფერი? ჩვენ, სხვათა შორის, ვიცოდით, რომ ამ განცხადებებს გააკეთებდით. აბსოლუტურად მწყობრად, გეგმაზომიერად, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ვიმოქმედებთ და საერთო ოპოზიციის თანამშრომლობის ფორმატს თქვენ ვერ დაშლით. სწორედ ამიტომ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა გუშინ და იქ ყველა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მისივე თქმით, არჩილ თალაკვაძის ერთადერთი საფიქრალი ახლა არის, ისევ იქნება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ოქტომბრის შემდეგ.
„პირობას ვაძლევ მას, რომ ვერ იქნება. მოუწევთ მათ ოპოზიციაში გადასვლა. ნუ გეშინიათ ამ ყველაფრის და თქვენგან განსხვავებით ჩვენ არ დავიწყებთ პოლიტიკურ დევნას, ჩემო კარგებო! აქედან გამომდინარე, გონს მოეგეთ და სჯობს, ლოგიკური და ადეკვატური წინადადებები წარმოადგინოთ. თქვენს ჭრა-კერვას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმება არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ, სჯობს, ადეკვატურად უპასუხოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრებისა და დასავლელი პარტნიორების განცხადებებს და რაც მთავარია, ადეკვატურად უპასუხოთ საზოგადოებას, რომელიც დაიღალა ასეთი უსუსური ხელისუფლების ყურებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და შეთანხმებისკენ ნაბიჯები გადადგან.