გიორგი ვაშაძე ოზურგეთის საკრებულოს ინციდენტს „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობად აფასებს
გიორგი ვაშაძე ოზურგეთის საკრებულოს ინციდენტს „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობად აფასებს

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობად მიიჩნევს.

ვაშაძე სახალხო დამცველს, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ვაშაძე ამ საკითხზე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის კომენტარსაც გამოეხმაურა.

„ქალბატონმა ჩუგოშვილმა, რომელიც წარსულში უფლებადაცვითი საქმიანობით იყო დაკავებული, საკუთარ განცხადებაში, მომხდარი წარმოაჩინა თითქოს, ოპოზიციონერი დეპუტატი ბესო ქათამაძე მივიდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებთან, მიიტანა გარკვეული ბლაგვი საგანი და მისცა ხელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ფაქტიურად, ჩუგოშვილის განცხადებიდან ჩანს, თითქოს, ბესო ქათამაძემ ძალით ჩაარტყმევინა და გაატეხინა თავი „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ „ახალი საქართველოს“ რამდენიმე მოთხოვნა წარადგინა. მათ შორის, ის მოითხოვს, მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

„მივმართავთ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მკაცრი რეაგირება აღნიშნულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რათა გამოყენებულ იქნეს ქვეყნის შიგნით თუ საგარეო კუთხით არსებული ყველა მექანიზმი ძალადობის შესაჩერებლად. მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას – ჩვენი ერთიანი პოზიცია ამ ძალადობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, თითოეულმა ოპოზიციურმა ძალამ, დააფიქსირეთ საკუთრი მკვეთრი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მან მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ ძალადობის აღკვეთის პროცესში.

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს სჭირდება ფუნდამენტრად ახალი თაობის რეფორმები. სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო სისტემა უნდა იცავდეს საზოგადოების, მოქალაქეთა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ინეტრესებს“, – აღნიშნა მან.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი გუშინ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე  ბრალი  „ქართული ოცნების“ დეპუტატს წარედგინა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი საჯარო კომენტარები ფიზიკური დაპირისპირებების გამოწვევას ემსახურება.