გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება კონსულტაციის პროცესი და მოკლე ვადაში ხდება შემდგომი შეხვედრა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაციების მორიგი რაუნდი, რომელიც დღეს იმართება, მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ მხარეები მზად არიან სწორი შეთანხმებისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ეს პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადაში ხდება შემდგომი შეხვედრა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მზად ვართ სწორი შეთანხმებისთვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული. დანარჩენს შევხედავთ, დამოკიდებულია, რა იქნება დღეს შეხვედრაზე. გადათვლის ნაწილი დამთავრდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა გუშინ ოქმები და რაღა დროს გადათვლა არის. დღევანდელი შეხვედრა გვაჩვენებს, რას გვაფიქრებინებს გუშინდელი გადათვლა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. რეზიდენციაში უკვე მივიდნენ ევროკავშირის ელჩი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იმ რვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. ოპოზიციის თქმით, „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტულ წინადადებას ელოდებიან.