გიორგი ვაშაძე - მარცხის ფორმულაა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თუ დავუჭერთ მხარს მთელი ოპოზიცია, გამარჯვების ფორმულა მინდა
მარცხის ფორმულაა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თუ დავუჭერთ მხარს მთელი ოპოზიცია, გამარჯვების ფორმულა მინდა, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მძლავრი მესამე ცენტრი უნდა შექმნას.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ეს არის მარცხის ფორმულა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავუჭერთ ყველა, ოპოზიცია მხარს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა, პირდაპირ გეუბნებით, მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, ვიცით, როგორც მთავრდება არჩევნების შედეგი – ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც დააყენებს კანდიდატურას. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია, ეს არ არის ჯერჯერობით ყველა პარტიის პოზიცია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ საკითხზე, ძალიან გთხოვთ, არასწორია ახლა დისკუსია, რადგან საპატიმრო დაწესებულებაშია პოლიტპატიმარი ნიკა მელია; მე არ გამიხსნია დისკუსია ამ თემაზე, უბრალოდ, ყველა ეთერში მისვამენ კითხვას და პასუხი უნდა გავცე. საბოლოო პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, გაირკვევა მერე. დრო არის ამისთვის.
კანდიდატებზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემი აზრით, ჩემს გუნდს შეიძლება, ცოტა სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში, მზად ვარ, რომ ჩემი პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან და საერთო მძლავრ კანდიდატზე ვიმსჯელოთ, არ ჩავუსვა ჩემი თავი კონკურენტად ამ მსჯელობაში. ბევრი ღირსეული კანდიდატურა იყოს. მე არ მითქვამს, რომ ვერ მოვიგებ და მძლავრი ვერ ვიქნები. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მძლავრი კანდიდატი იყოს. მზად ვარ, ამისთვის პერსონალური ამბიციაც უკან გადავწიო-მეთქი. ამას ვლაპარაკობ, არ გვქონია დეტალური განხილვა ამ თემაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.