გიორგი ვაშაძე - გვჭირდება დრო, რომ გავიაზროთ წინადადებები, რაც პროპორციებთან დაკავშირებით დღეს მოვისმინეთ
გიორგი ვაშაძე - გვჭირდება დრო, რომ გავიაზროთ წინადადებები, რაც პროპორციებთან დაკავშირებით დღეს მოვისმინეთ

პირადად მე და გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ შემავალ პოლიტიკურ ჯგუფს გვჭირდება დრო, რათა გავიაზროთ წინადადებები, რაც პროპორციებთან დაკავშირებით მოვისმინეთ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე ფიქრობს, რომ საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, პარტიის გადაწყვეტილება ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.

„ჩვენ ვიმსჯელეთ სხვადასხვა ვერსიებზე, რომელმაც გაიჟღერა სხვადასხვა შეხვედრებზე, მათ შორის საჯარო კუთხით. მე პირადად, „ახალი საქართველოს“ ლიდერს და „ძალა ერთობაშია“-ში შემავალ პოლიტიკურ ჯგუფს, გვჭირდება დრო, რათა გავიაზროთ ის წინადადებები, რაც მოვისმინეთ პროპორციებთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, მათთვის პრინციპულია რამდენიმე საკითხი: „პირველი – ჩვენ არ ვვაჭრობთ ადგილებით. მეორე, მაქსიმალური პროპორციული მისწრაფება უნდა იყოს გათვალისწინებული ნებისმიერ მოდელში და მესამე, უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე და არა საკუთარ თავებზე, როგორც ფიქრობს „ქართული ოცნება“. ამიტომ საბოლოო პოზიცია ამაზე ნამდვილად არ გვაქვს. ამაზე იყო მსჯელობა დიპლომატებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე, რაზეც გვექნება მათი მხრიდანაც პოზიციები, მოვისმინეთ, ისინი რას ფიქრობენ. დღეს გაჟღერდა სხვადასხვა პარტიის მოსაზრებები, არა მხოლოდ რომელიმე ერთი პარტიის. კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტია, რომელსაც ჰქვია პარტია, წავიდეს და საკუთარ პოლიტსაბჭოს, საკუთარ მხარდამჭერებს დაეკითხოს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ ერთკაციანი პარტია, ვართ საკმაოდ დიდი პოლიტიკური ჯგუფი. ვფიქრობ, დიდი დრო არ დაგვჭირდება, საკმაოდ სწრაფად ვაყალიბებთ პოზიციას, რაციონალურ დროში. ვფიქრობ ორ-სამ დღეში ჩამოვაყალიბებთ ამ საკითხზე პოზიციას და ოპოზიციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. პრინციპულია, რომ რაც იყო მოთხოვნა, იმის ფარგლებში დარჩეს შეთავაზება. მე ჩემი დათვლები უნდა გავაკეთო და ამის შემდეგ გეტყვით ამაზე პოზიციას“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომპრომისულ წინადადებად პირობითად 130/20-ზე მოდელს განიხილავს.