გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარია გაასწორებს თავის ნათქვამს
გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარია გაასწორებს თავის ნათქვამს

ძალიან ცუდია, ვწუხვარ და დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარია გაასწორებს თავის ნათქვამს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა.

ამასთან, ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს, ხომ არ ნანობს დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვით, აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტს ალყა შემოარტყან და რომ ამასთან დაკავშირებით კოლეგებმაც გააკრიტიკეს.

„არავის გავუკრიტიკებივარ. არცერთ შემთხვევაში არ ვნანობ. როცა რუსულ რეჟიმს მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ჩვენ უფლება გვაქვს, მარტივი მოთხოვნა დავაყენოთ, გაიწვიონ კანონი. ხალხის დაკვეთა არის პიკეტირება. სიმბოლური ღონისძიებაა, როგორც აქამდე იყო ხოლმე. მოთხოვნა არის მარტივი, ამ ხალხს ცრემლსადენი გაზი კი არ უნდა ესროლო, უნდა გაიწვიო რუსული კანონი. ეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც უნდა შეასრულონ. ახლა ყველა უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ რუსებს არ დავუთმოთ სამშობლო. ვინც ფანჯრებს ამტვრევდა, ის ხალხი მე გამოვიყვანე და საჭირო არ იყო არც ცრემლსადენი გაზი და არაფერი. არ იყო საჭირო მათი დარბევა. დროულად გამოვიყვანე. მორჩა და დამთავრდა.

მე სულ აქ ვარ, არ გავსულვარ და ვიდრე აქ იქნება ბოლო ადამიანი, ვიდგები აქ. ამის პირობას ვაძლევ მთელ საქართველოს. ვიბრძოლებ ბოლომდე. წინა ხაზზე ვდგავარ. ჩვენი გეგმა არის ბოლომდე ბრძოლა, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი სამშობლო რუსული რეჟიმისგან. ახლა ამ ხალხს დააწყნარებს რუსული კანონის პარლამენტიდან გაწვევა. ეს ხალხი მე კი არ მემორჩილება, ისინი გამოსული არიან თავისი ნებით. თავიდან ბოლომდე ამაზე პასუხისმგებლები არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.