გიორგი ვაშაძე - ამნისტიაზე სპეკულაციები უნდა დაიხუროს, პოლიტიკოსები, რომელთაც ერთი თვე ხმა არ ამოუღიათ, ახლა ბევრს საუბრობენ
ამნისტიაზე სპეკულაციები უნდა დაიხუროს, პოლიტიკოსები, რომელთაც ერთი თვე ხმა არ ამოუღიათ, ახლა ბევრს საუბრობენ, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებული შეხვედრის წინ.
„ყველა მხატვარი უცებ გახდება ხოლმე სამართლის სპეციალისტი; ყველა ფინანსისტი – ყველაზე კარგი არქიტექტორი მსოფლიოში; ქართული რეალობაა, ახლა რაც ხდება. ყველა ინტერპრეტაცია ხდება არაპროფესიონალიზმიდან ან მიკერძოებულობიდან გამომდინარე. ჩემთვის მთავარია, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესი იქნება დაცული და მათ აუცილებლად მხარში დავუდგებით. ერთი თვის წინ პირადად მე და ყველა ოპოზიციონერმა საჯარო სივრცეში ვთქვით, რომ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელმოწერილ დოკუმენტში, ითვალისწინებს ამნისტიის პოლიციელებზე გავრცელებასაც.
ჩვენთვის ყველაზე პრინციპული იყო, რომ ჯალათებზე, ანუ კონვენციურ დამნაშავეებზე არ გავრცელებულიყო და ამის გარანტია გვაქვს მეორე მხრიდანაც. ამიტომ მგონია, რომ უბრალოდ, ეს სპეკულაციები უნდა დაიხუროს. დაზარალებულების გულისტკივილი მესმის, რადგან მძიმეა, ამ ყველაფერს შეხედო, მაგრამ არ მესმის იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც ერთი თვის განმავლობაში ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღიათ და ახლა ბევრს საუბრობენ. ნამდვილად არ მესმის და პოლიტიკური სპეკულაციის გარდა ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ საკითხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.